რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რა პროფილის მიმართულებებზე იქნება პასუხისმგებელი შემდეგი წლიდან განისაზღვრება – გივი მიქანაძე
- განათლებასაზოგადოება
- დეკემბერი 1, 2025
- 16
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების, ასევე ბიზნესსექტორთან განხილვების საფუძველზე უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტში მცირედი ცვლილებები შეიტანეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა რა მიმართულებით შევიდა ცვლილებები.
მან აღნიშნა, რომ რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რა პროფილის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი 2026 წლიდან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრება.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.
„ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ის მცდარი და მიზანმიმართულად სიცრუეზე აგორებული კამპანია კონკრეტული ჯგუფების მიერ, რომ მას არ მოეხდინა საზოგადოებაზე მცდარი გავლენა და მცდარი აღქმები არ ჩამოყალიბებულიყო ჩვენს საზოგადოებაში. შესაბამისად, აი ამ მთელი განხილვების საფუძველზე, ჩვენ დოკუმენტში მცირედი ცვლილებები შევიტანეთ.
ეს ცვლილებები ძირითადად უკავშირდება მეორე საფეხურის სასწავლო პროცესს. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველ დოკუმენტში იყო ასახული ასეთი მოდელი, რომ გადავდივართ ძირითად დისციპლინებზე, ძირითად მიმართულებებზე 3 + 1 მოდელზე, ანუ სამწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა. თუმცა სტანდარტები ითხოვს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სურს, რომ მესამე საფეხურზე, ანუ დოქტორანტურაზე გააგრძელოს სასწავლო პროცესი, ამისთვის საჭიროა, რომ იყოს დაგროვილი 120 კრედიტი, რაც იმის საფუძველია, რომ ჩააბარონ მათ სადოქტორო, ანუ მესამე საფეხურის სასწავლო ეტაპზე, რაც ერთწლიანი სასწავლო პროცესით, მაგისტრატურით შეუძლებელია, რომ მიღწევადი იყოს, იმიტომ, რომ მაქსიმუმი შესაძლებელი არის, რომ ერთ წელიწადში 60 კრედიტი დააგროვო. ამიტომ ჩვენ ამ განხილვების შედეგად და კონკრეტული არგუმენტაციის საფუძველზე, შევიტანეთ ცვლილება დოკუმენტში, სადაც სტანდარტული მაგისტრატურა იქნება ერთწლიანი, ანუ 3 + 1 ბაკალავრიატი და სტანდარტული მაგისტრატურა იქნება შენარჩუნებული. ხოლო მათთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ შემდგომში გააგრძელოს თავისი სწავლა მესამე საფეხურზე, იქნება კიდევ ერთწლიანი, ანუ 3 + 1 + 1 სისტემა, რაც მათ მისცემს საშუალებას, რომ დააგროვონ 120 კრედიტი და შემდგომში ჩააბარონ დოქტორანტურაში და გააგრძელონ მესამე საფეხურზე სწავლა.
შესაბამისად, როდესაც ყველა ეს საკითხი ამოიწურა და ვნახეთ, რომ განხილვების შედეგად, რეალურად რაიმე წონადი ან არგუმენტირებული არაფერი არ იქნა წარმოდგენილი დაინტერესებული პირების მიერ და ყველა მიზნობრივ ჯგუფთან, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაფარვა გაგვეკეთებინა, ამან შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე უკვე წარვადგინეთ დასამტკიცებლად უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი და მთავრობამ მოიწონა ეს დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან უკვე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა ამ რეფორმის განსახორციელებლად და სამ-ოთხ წლიან პერიოდში და გაკეთდება და გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა ჩვენი სამინისტროს მიერ, სამ-ოთხ წლიან პერიოდში ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტულ რეფორმას, თუმცა პირველადი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას უკვე შემდეგი წლის სასწავლო წლის დაწყებამდე და ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე, საჭირო არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი ეტაპის რეფორმების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოვამზადეთ კონცეფციის დოკუმენტის შესაბამისი ცვლილებები შესაბამის კანონებში და დღეს ის უკვე მთავრობაში აიტვირთება განსახილველად. მას შემდეგ, რაც კონცეფცია დამტკიცდა და უახლოეს დღეებში უკვე სამთავრობო, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, ეს, ეს ცვლილებების პაკეტი წარედგინება პარლამენტს, რომ მან მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ცვლილებები და ჩვენ უკვე ვქმნით სამართლებრივ ბაზას იმისთვის, რომ 3 + 1 + 1 სისტემა ჩამოვაყალიბოთ, ასევე, რომ დავიწყოთ გადასვლა იმ პრინციპზე, რასაც ჰქვია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული მიმართულებებით შემდეგი წლიდან, შესაბამისი უნივერსიტეტები, რომელთანაც ჩატარდება კონკრეტული კონსულტაციები და საბოლოოდ შეჯერდება პოზიციები და განისაზღვრება უკვე მთავრობის დადგენილებით, თუ რომელი უნივერსიტეტი რა, სახელმწიფო უნივერსიტეტი რა პროფილის მიმართულებებზე იქნება პასუხისმგებელი.
ასევე, მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება, თუ რომელ ფაკულტეტზე რამდენი ჩასარიცხი ადგილი იქნება, რაც ბაზრის კვლევასთან იქნება დაკავშირებული, ამ ყველაფრის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო კვირაში პარლამენტში დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია უმრავლესობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერით ეს ცვლილებები დამტკიცდება, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელს გახდის, რომ შემდგომი პროცესები მყისიერად და, ესე ვთქვათ, გეგმაზომიერად, რაც ამ დოკუმენტით არის განპირობებული, განვითარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.